ავტორი: კახა ფხაკაძე
მოგეხსენებათ, ეს მშვენიერი მოდელი ძალიან სწრაფი 2 პროცესორით, კარგი ფოკუსირების სისტემით (19 წერტილი), 8-კადრიანი სერიული გადაღების სიჩქარით, პროფესიონალური სერიისთვის დამახასიათებელი დაცვის ელემენტებით და კიდევ ბევრი + ით გამოირჩევა. კარდა ამისა, მას გააჩნია ასეთივე კარგი ვიდეოგადაღების ფუნქცია მშვენიერი პარამეტრებით: 42 mb/s ნაკადის სიჩქარით, avc/h.264 კოდირებით, პროგრესიული რეჟიმი Full HD-ზე. მიუხედავად იმისა, რომ სუბსემპლინგი 4:2:0-ია, სურვილის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია დაუკუმშავი ნაკადის მიღება HDMI ინტერფეისიდან (1080i). ანუ, ამ კამერით რეალურად არის შესაძლებელი ხარისხიანი ვიდეოს მიღება. თუმცა, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ მიზნით კამერის გამოყენებას ახლავს თან - ეს გახლავთ ხმის ჩაწერა. რასაკვირველია, სრულიად შესაძლებელია ხმა ჩაიწეროს დამოუკიდებლად კამერისგან, დამოუკიდებელი მოწყობილობებით, მაგრამ ამას თან ახლავს უამრავი სხვა თანმხლები საკითხი-პრობლემა, დაწყებული ბიუჯეტით და თუნდაც სინქრონოზაციით დამთავრებული. თვით კამერას გააჩნია საკუთარი მიკროფონი, რომლის გამოყენებისას ხმა მეტნაკლებად ვარგისიანია, მაგრამ ის მხოლოდ დაბალი ხარისხის, სამოყვარულო მიზნებს დააკმაყოფილებს. ამასთან, ასეთი ჩაწერის დროს ავტომატურად ირთვება ხმის ჩაწერის ავტომატური ბალანსირი - თუ ხმის წყარო მაღალია, ბლანსირი ჩამწერს მგრძნობელობას უკლებს და პირიქით - თუ პაუზა ჩამოვარდა, ბალანსირი მაქსიმალურად აძლიერებს სიგნალს. ამას შედეგად პაუზებში მხოლოდ გაძლიერებული ”შიშინი” ისმის. ეს პრობლემა პრობლემადვე რჩება გარე მიკროფონის გამოყენებისას - ამ მიზნით კამერას გააჩნია გარე მიკროფონის შესაერთებელი მინიჯეკი. საკითხი იმდენად აქტუალური გახდა ვიდეოგრაფების მხრიდან, რომ ქენონმა განახლებულ მიკროპროგრამაში გაითვალისწინა ავტომატური ბალანსირის (რეგულატორის) გარდა მგრძნობელობის ხელით რეგულაციის ინსტრუმენტი. ანუ, შესაძლებელია დამოუკიდებლად, კამერის მენიუდან ხელით დაყენდეს ხმის ჩაწერის დონე, რომელიც პაუზებში ავტომატის მიერ აღარ გაძლიერდება. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტი ცხადია ძალიან გამეხარდა და ახალი მიკროპროგრამაც უპრობლემოდ დავაყენე ჩემს კამერაზე. როგორც ველოდი, მენიუში დამხვდა ხმის ჩაწერის ორი პოზიცია ავტომატური და ხელის. გარე მიკროფონიც მივაერთე და ჩაწერის რეგულატორი ხელით მართვაზე გადავრთე - რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა სრულ სიჩუმეში მარჯვენა არხის ინდიკატორზე პირველი სამი პოზიციის ნიშნულები ანთებული დამხვდა, ანუ ეს ნიშნავდა, რომ -36 დეციბელით ძლიერდებოდა სიგნალი, რომლის წარმოშობის პირველწყარო პრაქტიკულად არ მქონდა (იხ. ფოტო#1).
ფოტო#1 | ფოტო#2 |
გავაკეთე საცდელი ჩანაწერი და მოვისმინე - აღმოჩნდა, რომ არავითარი ზედმეტი ”ხმაური” არ აღინიშნება. ჩანაწერის ინსტრუმენტალური ანალიზის გაკეთებამდე უკვე ვიცოდი, რომ ძლიერდებოდა სიგნალი, რომელიც ცდება ადამიანის სმენის დიაპაზონს (დაახლოებით 20-20.000 ჰერცი (სიხშირე)).
მაშ, რასთან გვაქვს საქმე? აღმოჩნდა, რომ ეს გახლავთ დაბალი სიხშირის პარაზიტული სიგნალი, რომელის წარმოშობის წყარო შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული (ოპერაციული გამაძლიერებელი, პარაზიტული აღგზნება შესასვლელზე და ა.შ.). მოგეხსენებათ 0-1 ჰერცის სიხშირის სიგნალი მუდმივ შემადგენლად შეიძლება განვიხილოთ, ამდენად აქ საქმე გვაქვს ე.წ. DC OFFSET-თან. ეს არის ცვლად სიგნალში მუდმივის არსებობა და ის ვიზუალურად სიმეტრიის ღერძიდან გარკვეული გადახრით გამოირჩევა (იხ. ფოტო #2).
ფოტო#3 | ფოტო#4 |
ამპლიტუდის სტატისტიკის ფანჯარაში ნათლად ჩანს მისი ოდენობაც (იხ.ფოტო#3).
ახლა კი სიგნალის სპექტრი ვნახოთ, ამ ფოტოზე საკუთარი, შიდა მიკროფონით ჩაწერილი სიგნალია (საუბარი) (იხ. ფოტო #4). ამ ფოტოზე კი გარე მიკროფონია გამოყენებული, დააკვირდით ყვითლი ფერის ზოლს, ეს დაბალი სიხშირეებია, რომელიც ყურს არ ესმის, მაგრამ კამერის ინდიკატორს ”აფორიაქებს” (იხ. ფოტო #5)
ფოტო#5 | ფოტო#6 |
მოდით, ეს შემადგენელი გარვეული დროის მონაკვეთში ამოვჭრათ (იხ. ფოტო #6).
ვნახოთ, თუ როგორ ”დაჯდა” სიგნალი ღერძზე (იხ. ფოტო #7).
ფოტო#7 |
შესაბამისად, პრობლემის გადაწყვეტისთვის საკმარისია გამოვიყენოთ დაბალი სიხშირის ფილტრი 0-20 ჰერცის დიაპაზონით, რასაც წესით პატივცემული ქენონი უნდა იყენებდეს ინდიკატორამდე და რაც სამწუხაროდ არ აქვს გამოყენებული. ცხადია, გაგიჩნდებათ კითხვა, ეს მხოლოდ ჩემს კამერაზე ხდება თუ სხვებთანაც? აღმოვაჩინე, რომ ეს სხვა მომხმარებლებმაც შენიშნეს - http://forums.dpreview.com/forums/thread/3253095
რა პრობლემას ქმნის DC Ofsset -ის არსებობა? თუ თქვენ მხოლოდ ერთი სამონტაჟო კადრი გაქვთ, პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ასეთ რამდენიმე სამონტაჟო კადრს ერთმანეთს მოაბამთ, გადაბმის ადგილზე აუცილებლად თავს იჩენს ხმოვანი ნახტომი ერთგვარი წკაპუნის სახით, რაც დამონტჟებულ მასალას ხიბლს ნამდვილად არ შესძენს.
იმედი მაქვს, ქენონი თავს არ შეირცხვენს და უახლოეს მომავალში, მორიგ firmware-ში ამ ხარვეზს გამოასწორებს.
სტატიაზე (ტექსტი და გრაფიკული გამოსახულებები) დაცულია ყველა საავტორო უფლება. მისი გადაბეჭდვა, გადაწერა პუბლიკაციისთვის, სხვა ვებ-რესურსზე კოპირება (გარდა facebook-ზე გაზიარებისა) ანდა სხვაგვარი გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შედეგებს