ფოტოკონკურსის კონცეფცია
საერთაშორისო ფოტოკონკურსი - ინტერნეტ რეალითი შოუ ”ფოტომანი 2013” არ არის ტიპური ფოტოკონკურსი, მოსაწყენი და დროში გაწელილი, სადაც თემა წინასწარ არის გამოცხადებული და გამარჯვებულები კონკურსის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ ვლინდებიან. ეს არის კონკურსი ახალგაზრდა, ამბიციური და ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, საკუთარ თავზე რეალურად გამოსცადონ ფოტოგრაფის ყოველდღიური შრომა და გადალახონ რთული ბარიერები.
კონკურსანტებმა მიმდინარე ეტაპის დავალებაწინასწარ არ იციან. დავალების გამოცხადების შემდეგ მათ ამ დავალების შესასრულებლად მკაცრად განსაზღვრული ვადა ეძლევათ. ყველაფერი ისეა, როგორც რეალურ ცხოვრებაში, როცა პროფესიონალი ფოტოგრაფები იღებენ შეკვეთას, რომელიც მცირე დროში, მკაცრად დადგენილ ვადაში უნდა შეასრულონ. დიახ, ეს რთულია, მაგრამ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული და ძალიან საინტერესო, რადგან სწორედ ამ დროს ვლინდება ფოტოგრაფის შესაძლებლობები, მოხერხებულობა, გამჭრიახობა და პროფესიული უნარები - ფოტოგრაფის ოსტატობა.
კონკურსში ”ფოტომანი 2013” მონაწილეობა შესანიშნავი საშუალებაა, კონკურსანტებმა მოსინჯონ, რამდენად შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრების პოპულარიზაცია მკაცრი კონკურენციის პირობებში. ერთია, გაართვა თავი დავალებას: გადაიღო კარგი ფოტო, მაგრამ მეორე, და არანაკლებ მნიშვნელოვანია, დააპიარო საკუთარი ნამუშევარი, მიიქციო გულშემატკივართა უმრავლესობის, ანუ სიმბოლური მყიდველების ყურადღება. ფოტონამუშევრებს ხომ აფასებს არა რამდენიმე ადამიანი (ჟიური), არამედ ფართო აუდიტორია - ფეისბუკის მომხმარებლები. სწორედ აქ ვლინდება, თუ რამდენად შეუძლია კონკურსანტს საკუთარი თავის პოპულარიზაცია; მომხმარებელზე, პოტენციურ შემკვეთზე გასვლა და ფოტოზე შეფასების მიღება (რაც მეტ ქულას მიიღებს კონკურსანტის ფოტო, სიმბოლურად მით უფრო ძვირი” ღირს მისი ნამუშევარი). ცხადია, კონკურსანტი ხმების დიდ ნაწილს ნაცნობ-მეგობრებისგან მიიღებს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, დააინტერესო და მოიზიდო უცნობი გულშემატკრივრები მეტი ქულის მიღებისა და მოგების შანსის გასაზრდელად.
მეტიც! მაღალი კონკურენციის პირობებში კონკურსანტი რომ არ დარჩეს კონკურსს მიღმა, კონკურსის ორგანიზატორების მიერ გათვალისწინებული წესით, თითოეული ეტაპის შემდეგ ჟიურის უფლება აქვს, ”გადაარჩინოს” 12 აუტსაიდერი (თითოეული ქვეყნიდან ორი კონკურსანტი) და დაუშვას ისინი შემდეგ ეტაპზე. ამასთან, ”გადარჩენილი” კონკურსანტის საეტაპო ქულა არ იცვლება.
კონკურსი ”ფოტომანი 2013” მიმდინარეობს სწრაფ, დაძაბულ ტემპში, საკუთარ თავზე მუშაობის მუდმივ რეჟიმში და მაღალი კონკურენციის პირობებში; საინტერესო დავალებებით, სახალისო ისტორიებით და კონკურსის მონაწილეებით, რომლებიც მთელი კონკურსის განმავლობაში მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. რაც ყველაზე მთავარია, შედეგი დამოკიდებულია არა რამდენიმე პირის გადაწყვეტილებაზე, არამედ თავად კონკურსანტის აქტიურობაზე, ნიჭსა და შესაძლებლობებზე.
და ბოლოს, კონკურსი ”ფოტომანი 2013” შესაძლებლობას გაძლევთ, ორი თვის განმავლობაში არა მხოლოდ გამოსცადოთ საკუთარი შესაძლებლობები და შეეჯიბროთ სხვა ფოტომოყვარულებს ფასიანი პრიზების მისაღებად, არამედ ეტაპიდან ეტაპამდე დახვეწოთ თქვენი ფოტოგრაფიული ოსტატობა და მოემზადოთ პროფესიონალი ფოტოგრაფის რეალური ცხოვრებისთვის.
პრიზები
* გრანპრი - ფოტოკამერა Canon 6D 24-105 მმ ობიქტივით. პგენერალური სპონსორისგან: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისგან;
* საპრიზო ექვსეულში გასული კონკურსანტებისთვის - ფასიანი პრიზები;
* საკუთარ ქვეყანაში უმაღლესი ქულის მქონე 90 კონკურსანტისთვის (აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნიდან 15-15 მონაწილე): ევროკავშირის პროექტის ”ყურადღება, გაიღიმეთ!” ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ონლაინ ფოტოსკოლაში PHOTO-SCHOOL.EU 4-თვიან პილოტურ კურსზე (2014 წლის მარტი-ივნისი) უფასო სწავლის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატები.
კონკურსი გაიმართება ფეისბუქის სპეციალური აპლიკაციით - https://apps.facebook.com/photomann/
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო სრულ ინფორმაციას იხილავთ ზემოაღნიშნულ აპლიკაციაში.
გისურვებთ წარმატებებს!