საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, ფოტოგრაფი, ფოტოგრაფები
SHARE
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია
ფილიალები

ფოტოგრაფიული ნაწარმოების შექმნისას, გამოყენებისას ან ზოგადად ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების სრულუფლებიან, დამოუკიდებელ დარგში ნებისმიერი სახით მოღვაწეობისას (მათ შორის პროფესიული, სამოყვარულო, შემეცნებით-ინფორმაციული), აუცილებელია იმ სამართლებრივი ასპექტების ცოდნა და გამიჯვნა, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირს თავისუფლად და შეუზღუდავად ეწეოდეს ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობას.

ქართულ სივრცეში სამართლებრივი შეგნება ფოტოგრაფიასთან მიმართებაში საკმაოდ დაბალი დონით არის წარმოდგენილი. მოცემული თემის შექმნის მიზანია სარეკომენდაციო და შემეცნებითი მიმართულებით იმ სამართლებრივი ასპექტების განსაზღვრა, გამიჯვნა, წარმოდგენა და ანალიზი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ თქვენთაგანს, გაარკვიოს, თუ რა მიმართება გააჩნია სამართალს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად აქ იხილავთ პასუხებს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზეც (შეკითხვები გამოაგზავნეთ სფა-ს ელ.ფოსტაზე - info@photographers.ge

ფოტოგრაფიული ნაწარმოები წარმოადგენს ხელოვნების ერთ-ერთ ნაწარმოებს და იგი დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ფოტოგრაფიული ნაწარმოები წარმოადგენს ავტორის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და არის საავტორო უფლებებით დაცვის ობიექტი (საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 6, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ”ი”; ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენცია, მუხლი 2, პუნქტი 1)

საავტორო უფლებებით დაცვის  ნებისმიერი ობიექტის, მათ შორის ფოტოგრაფიული ნაწარმოების ავტორს უფლებები წარმოეშობა ნაწარმოების შექმნის მომენტიდან, ამასთან საავტორო უფლების წარმოშობის და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა (საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 9, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენცია, მუხლი 5, პუნქტი 2).

ავტორი სარგებლობს თავის ნაწარმოებზე როგორც არაქონებრივი, ასევე ქონებრივი უფლებებით (საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 17; მუხლი 18). 

 

ტელევიზიით მომღერლის მუსიკალური ნაწარმოების კლიპის გაშვებისას დაირღვა კლიპში გამოყენებული ფოტოგრაფიული ნაწარმოებების ავტორების შემდეგი უფლებები:

 

1. არაქონებრივი უფლებები:

 

1.1 ავტორის უფლება აღიარებულ იქნას ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველი ეგზემპლარის ნებისმიერი სახით გამოყენებისას, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით.

კონკრეტულ შემთხვევაში კლიპის დამამზადებლის მიერ არ იქნა მითითებული კლიპში გამოყენებული ფოტოგრაფიული ნაწარმოებების ავტორთა სახელები, მათ შორის ფსევდონიმებიც;

1.2 ავტორის უფლება ნება დართოს სხვა პირებს დაურთონ მის ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 17, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ”ბ”)

მოცემულ შემთხვევაში, ავტორთა ნაწარმოებებზე დართულია მომღერლის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები და სხვა ფოტოგრაფთა ნაწარმოებები, რაზედაც ავტორებს არ გაუციათ თანხმობა.

 

2. ქონებრივი უფლებები:

 

2.1 რეპროდუცირების უფლება - იმ მომენტში, როდესაც ავტორთა ფოტოგრაფიული ნაწარმოებები ჩაწერილ იქნა სხვა ინფორმაციის მატარებელზე, ავტომატურად განხორციელდა ავტორთა ნაწარმოებების რეპროდუცირება (საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 18, პუნქტი 2, ქვეპუნქტი ”ა”)

2.2 საჯარო გადაცემის უფლება - ნაწარმოების გადაცემა ეთერში კაბელით, ან სხვა საშუალებებით, ისე რომ, გადაცემის გამოსახულება შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე ( საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 18, პუნქტი 2, ქვეპუნქტი ”ვ”) - ამ შემთხვევაში ტელევიზიის საშუალებით კლიპის ჩვენება, რომელშიც შესულია ავტორთა ფოტოგრაფიული ნაწარმოებები.

თუ ავტორი გასცემდა ნებართვას თავისი ნაწარმოების ზემოაღნიშნული სახით გამოყენებაზე, ავტორს ექნებოდა უფლება მოეთხოვა საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ამგვარი გამოყენებისათვის ( საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 18, პუნქტი 3) 

 

იქედან გამომდინარე, რომ დარღვეულია ავტორთა უფლებები, მათ შეუძლიათ უფლებების დამრღვევისაგან მოითხოვონ:

 

ა) უფლების აღიარება - კლიპში მითითებულ იყოს ავტორის სახელი ან ფსევდონიმი, როგორც კლიპში გამოყენებული ფოტოგრაფიული ნაწარმოების ავტორისა (იმ შემთხვევაში, თუ ავტორები ნებას დართავენ თავიანთი ფოტოების შემდგომ გამოყენებაზე). გარდა ამისა, თუ ავტორები აკრძალავენ საკუთარი ფოტოების კლიპში გამოყენებას, რისი უფლებაც მათ გააჩნიათ კანონის ძალით, ავტორებს შეუძლიათ უფლებების დამრღვევს მოსთხოვონ მათ მიერ შექმნილ ნაწარმოებებზე მათი ავტორობის აღიარება (საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 59, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ”ა”).

ბ) უფლებების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას (საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 59, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ”ბ”) აღნიშნული დებულების მიხედვით, ავტორებს უფლება აქვთ აკრძალონ კლიპის შემდგომი გადაცემა ეთერით. 

გ) კომპენსაცია - რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო, ამასთან იგი არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში ავტორების მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები (საქართველოს კანონი ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, მუხლი 59, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ”ე”). კანონიერი გამოყენების შემთხვევა, არის ის შემთხვევა, როდესაც ავტორები კლიპის დამამზადებელს განუსაზღვრავდნენ ჰონორარის ოდენობას თავიანთი ფოტონაწარმოების კლიპში გამოყენებისათვის.

კითხვაზე მართებული პასუხის გასაცემად საჭიროა გაიმიჯნოს ორი განსხვავებული ცნება, როგორებიცაა პლაგიატი და საავტორო უფლების დარღვევა. პლაგიატი უფრო აკადემიურ კატეგორიას განეკუთვნება, ვიდრე სამართლებრივს. ზოგადი ცნება, გულისხმობს სხვისი ინტელექტის / შემოქმედების ნაყოფის მოპარვას, ხოლო ვიწრო გაგებით პლაგიატი არის წყაროს მითითების გამოყენების უგულებელყოფა. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო წრეებში იგი მოიხსენიება, როგორც აკადემიური უღირსობის ან თაღლითობის გამოვლენა და მისი ჩამდენი აკადემიურ გაკიცხვას ექვემდებარება. ჟურნალისტიკაში პლაგიატი წარმოადგენს ჟურნალისტური ეთიკის შელახვას, ხოლო პლაგიატორს დისციპლინარული ზომების ფარგლებში სამსახურიდან დროებითი და რიგ შემთხვევებში სამუდამო მოხსნაც კი ემუქრება. ფოტოგრაფიის დარგთან მიმართებაში პლაგიატი ასახვას ჰპოვებს ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამოყენებისას ავტორზე ან ქონებრივი უფლებების მფლობელ სხვა პირზე (გამომცემლობა, სააგენტო, ბიურო და სხვა) შესაბამისი მითითების უგულებელყოფაში. პირი შეიძლება სულაც არ აპირებდა ,,დაეჩემებინა’’ კონკრეტული ფოტოგრაფიული ნაწარმოების ავტორობა (მან საკუთარი სახელი, როგორც ავტორის სახელი შეგნებულად არ მიუთითა ფოტოგრაფიულ ნაწარმოებზე), თუმცა იმ ფაქტმა, რომ მან არანაირი აღნიშვნა არ დაურთო სხვის ფოტოგრაფიულ ნაწარმოებს ანუ ღიად დატოვა ფოტოგრაფიული ნაწარმოების, როგორც გამოყენებული წყაროს, საავტორო უფლებების მფლობელზე მითითების საკითხი, გახადა იგი პლაგიატორად. პლაგიატი წარმოადგენს ამა თუ იმ დარგის ეთიკური ნორმების დარღვევას, ხოლო სამართალი მოცემულ ცნებას საერთოდ არ იცნობს. თუმცა თუ პლაგიატის უკან დგას საავტორო უფლებების დარღვევა, მაშინ აღნიშნული უკვე მოექცევა სრული სამართლებრივი დაცვის რეჟიმში, რაც ასახვას ჰპოვებს სამართლის ისეთი დარგის ნორმებში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, უფრო ვიწროდ კი საავტორო სამართლის ნორმებში. კერძოდ, იმისათვის რომ სახეზე იყოს პლაგიატი, უნდა განხორციელდეს: ა) ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამოყენება; ბ) გამოყენებისას ავტორზე ან საავტორო უფლების სხვა მფლობელზე სათანადო მითითების უგულებელყოფა. თუ ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამოყენება განხორციელდა ავტორის ნებართვის გარეშე ანუ უნებართვოდ, მაგრამ ავტორზე შესაბამისი მითითებით - ეს არ წარმოადგენს პლაგიატს, მაგრამ სახეზე იქნება ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებების არა ერთი, არამედ გამოყენების სპეციფიკიდან გამომდიმარე, სრული კომპლექსის დარღვევაც კი. თუ რას წარმოადგენს ნაწარმოების ავტორის ქონებრივ უფლებებს, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კანონის ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’, მე-18 მუხლში, ვინაიდან მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს და გაცდება კითხვის თემატიკას. თუ ფოტოგრაფიული ნაწარმოების გამოყენება განხორციელდა ავტორის ნებართვის საფუძველზე, მაგრამ ავტორზე შესაბამისი მითითების გარეშე, თეორიულად პლაგიატი მაინც სახეზე იქნება. ნაწარმოების ავტორის პირად არაქონებრივ ანუ მორალურ უფლებათა შორის ერთ-ერთ გამორჩეულს ავტორობის უფლება წარმოადგენს. ეს არის ავტორის უფლება აღიარებულ იქნას ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით. (საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’, მუხ. 17, პუნქტი ”ა”). იმ შემთხვევაში, თუ ავტორმა ნება დართო სხვა პირს გარკვეული სახით გამოეყენებინა მისი ფოტოგრაფიული ნაწარმოები, ისე რომ იგი არ ითხოვს საკუთარ თავზე, როგორც ავტორზე მითითებას ანუ ავტორად აღიარების მოთხოვნა სახეზე არ არის და არც სხვა პირი იბრალებს ავტორობას, საავტორო უფლებების რაიმე სახით დარღვევა სახეზე არ იქნება, თუმცა რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, პლაგიატი მაინც ჩადენილად ჩაითვლება.

 

კითხვაზე თუ როგორ ვებრძოლოთ პლაგიატს შემდეგნაირად გიპასუხებდით – თვითონ არ გავხდეთ პლაგიატორები ანუ არ ჩავიდინოთ პლაგიატი. მოცემულ კითხვაზე  ამომწურავი პასუხი არავის მოეპოვება. პლაგიატთან ბრძოლა შეიძლება ორ ქმედით ელემენტად დაიყოს: ა) პლაგიატის რისკის მინიმუმამდე დაყვანა; ბ) გამაფრთხილებელი ღონისძიებების გატარება; პლაგიატის რისკის მინიმუმამდე დაყვანა გულისხმობს ჩვენს მიერ საკუთარი ფოტოგრაფიული ნაწარმოებების გაკონტროლებასა და პლაგიატორისათვის მაქსიმალურად არახელსაყრელი პირობების შექმნას. ლოგიკურია, რომ პლაგიატის რისკი საერთოდ არ იარსებებდა, თუ ჩვენი ფოტოგრაფიული ნაწარმოების ორიგინალი, ნაბეჭდი, ნეგატივის თუ სხვა ობიექტურად არსებული სახით საიმედოდ იქნებოდა გადანახული სეიფში, მაგრამ აღნიშნული ხომ აბსურდს წარმოადგენს. გახდება თუ არა ფოტოგრაფიული ნაწარმოები ზოგადად ხელმისაწვდომი ავტომატურად წარმოიშობა პლაგიატის რისკი. პლაგიატის ობიექტად გარდაქმნის ყველაზე დიდი საფრთხე ფოტოგრაფიულ ნაწარმოებს ძნელად კონტროლირებად პირობებში, ინტერნეტის სივრცეში განთავსებით ემუქრება. პლაგიატის რისკი ერთი-ორად იზრდება თუ ფოტოგრაფიული ნაწარმოები მაღალი მხატვრული ღირებულების მატარებელია და ტექნიკური შესრულების მაღალი დონით გამოირჩევა. ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ შემდეგ ზომებს: ფოტოგრაფიული ნაწარმოების გარჩევადობის (რეზოლუციის) ზღვრულ მინიმუმამდე დაყვანა, ისეთი ინტერნეტ პორტალის შერჩევა სადაც მაქსიმალურად რთულია კონკრეტული გაფართოების ფაილის ჩამოტვირთვა / დამახსოვრება, ფოტოგრაფიულ ნაწარმოებზე სხვადასხვა სახის ნიშნების დასმა (საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, ჭვირნიშანი და ა.შ.). თუმცა, აღნიშნული მხოლოდ დაბრკოლებას წარმოადგენს პლაგიატორისათვის, რომელიც საბოლოო ჯამში ალბათ მაინც მოახერხებს თავისი მიზნის მიღწევას. გამაფრთხილებელი ღონისძიებების გატარება გულისხმობს პლაგიატის ჩადენის კონკრეტული ფაქტის აღმოჩენისას მივმართოთ პლაგიატორს (უშუალოდ, წერილობითი ფორმით, ელ-ფოსტის მეშვეობით და ა.შ.), რათა მან დაუყოვნებლივ გამოიყენოს ფოტოგრაფიული ნაწარმოების ავტორზე ანუ თქვენზე მითითება ან საერთოდ შეწყვიტოს თქვენი ფოტოგრაფიული ნაწარმოების რაიმე სახით გამოყენება. ამ შემთხვევაში აღნიშნული სტრატეგია ფიასკოს განიცდის შემდეგი მარტივი წინაპირობების არსებობისას: სავარაუდო პლაგიატორის დადგენა შეუძლებელია, მას არ გააჩნია არანაირი საკონტაქტო კოორდინატები, პლაგიატორი ინდიფერენტულია ანუ არ რეაგირებს. პლაგიატის რისკის მინიმუმამდე დაყვანისა და გამაფრთხილებელი ღონისძიებების გატარებით ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ფოტოგრაფიული ნაწარმოები არ გახდება პლაგიატის ობიექტი. ცალსახაა, რომ მოცემული სტრატეგია არაეფექტურია. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სახეზეა შეცდომა კითხვის არსში ანუ კითხვა არასწორად არის დასმული.

როგორც აღინიშნა, პლაგიატი არ არის სამართლებრივი კატეგორია, იგი გულისხმობს სხვისი ინტელექტის ან/და შემოქმედების ნაყოფის მოპარვას ავტორზე მითითების უგულებელყოფის გზით. როდესაც თქვენ სვამთ კითხვას თუ როგორ ვებრძოლოთ პლაგიატს, ვვარაუდობ, რომ გულისხმობთ საკუთარი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პროცესის შედეგად შექმნილი ნაწარმოების სხვა პირის მიერ უნებართვო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც აგრეთვე შეიძლება გულისხმობდეს ავტორზე ანუ თქვენზე მითითების გამოყენების მოთხოვნასაც. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს საავტორო უფლებების დაცვასთან, გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ რიგ შემთხვევებში პლაგიატი წარმოადგენს საავტორო უფლებების დარღვევას და რიგ შემთვევებში სულაც არა. თქვენს მიერ ტერმინ ,,პლაგიატის’’ ქვეშ ნებისმიერი სახით ნაგულისხმები ნეგატიური ცნების წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტურ და ქმედით იარაღს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი საავტორო სამართლის ნორმები წარმოადგენს. მარტივად, რომ ვთქვათ, თუ არ არსებობს ფოტოგრაფიის გამოყენებაზე თქვენი ნებართვა და თქვენ სადმე წააწყდით საკუთარ ფოტოგრაფიულ ნაწარმოებს, იქნება ის ორიგინალური თუ გადამუშავებული სახით ან/და თქვენზე, როგორც ავტორზე მითითებით ან მის გარეშე წარმოდგენილი, იცოდეთ, რომ დაირღვა თქვენი საავტორო უფლება! თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თქვენი ფოტოგრაფიული ნაწარმოები შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი თანხმობისა და თქვენთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე; აღნიშნული წარმოადგენს საავტორო უფლებათა შეზღუდვას და იგი ჩემს მიერ დეტალურად იქნება განხილული უახლოეს მომავალში. დაინტერესების შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მოგეცემათ საშუალება, რათა გაეცნოთ აღნიშნულ ინფორმაციას. ზოგადი წარმოდგენის შექმნის მიზნით, დავძენ, რომ საავტორო უფლებათა შეზღუდვა ემსახურება ცოდნისა და ინფორმაციისადმი თავისუფალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე ნაწარმოების თავისუფლად გავრცელების და ზოგადად საზოგადოების განვითარების სასიცოცხლო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზანს, ამასთან უფლებათა შემზღუდავი ქმედება არ უნდა ატარებდეს კომერციულ ხასიათს.